Geo Eng Rus

არქეობოტანიკური კვლევა

გადაჭრილი გორის და შულავერის გორის  ნეოლითური ხანის ნამოსახლარების არქეობოტანიკურმა შესწავლამ  გაამდიდრა ცოდნა  შულავერ-შომუთეფეს კულტურის ადრესამიწათმოქმედო ძეგლების შესახებ. ამ პერიოდში ადამიანი იწყებს  გარემომცველ ბუნებაში არსებულ  მარცვლოვნების, ვაზის, პარკოსნების და სხვა მნიშვნელოვანი მცენარეების მოშინაურებას და გადადის მეურნეობრიობის ახალ ტიპზე - მწარმოებლურ მეურნეობაზე. აღნიშნული ნამოსახლარების კულტურული ფენებიდან გამოვლენილი შრომის იარაღების და მცენარეების სახეობრივმა იდენტიფიკაციამ საშუალება მოგვცა შეგვეფასებინა აგრიკულტურის დონე.

კულტურული ვაზის (Vitis vinifera) წიპწები აღმოჩნდა გადაჭრილი გორის sqr.-3,loc.-37 serial-2050 -ის ნიადაგის ნიმუშში. სულ ნაპოვნია ორი წიპწა. წიპწებს აქვთ კულტურული ვაზისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი. წიპწები ნაპოვნია არაკარბონიზებულ მცენარეთა თესლებთან ერთად და შესაძლოა მღრღნელების ან მწერების მიერ იყოს ჩატანილი. ასევე ეჭვს იწვევს წიპწების კარგი დაცულობაც.

ნეოლითური ნამოსახლარების არქეობოტანიკურმა შესწავლამ ინტენსიური მიწათმოქმედების კვალი დააფიქსირა. გადაჭრილ გორაზე შიშველ მარცვლიან ხორბლების არსებობა ადასტურებს, რომ აგრიკულტურა განვითარების საწყის ეტაპზე არ იმყოფებოდა. შულავერის გორის ნამარხი ბოტანიკური მასალა ნამოსახლარზე ჩატარებული მცირე სამუშაოების გამო ჯერ დასკვნების გაკეთების საშუალებას არ იძლევა.