Geo Eng Rus
რუკა
ძვ.წ. VI-V ათასწლეული

ნეოლითი - ხალკოლითის ხანა

ძვ.წ. VI-V ათასწლეულით დათარიღებული, განვითარებული ნეოლითის პერიოდის, შულავერი-შომუთეფეს ადრესამიწათმოქმედო კულტურა, რომელიც საქართველოში ქვემო ქართლის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი, წარმოაჩენს როგორც მოშინაურებული ვაზის წიპწებს, ასევე ქვევრის ტიპის, თიხის საღვინე ჭურჭელსაც, რომელსაც ორივე მხრიდან ამკობს ყურძნის მტევნის რელიეფური გამოსახულება. აღნიშნული მსოფლიოში უძველეს საღვინე ჭურჭლადაცაა მიჩნეული.
ნეოლითის სამიწათმოქმედო კულტურამ შემოგვინახა თიხის უნიკალური და მრავალფეროვანი ჭურჭელი, რომელიც ფორმითა და შინაარსით თავის საღვინე დანიშნულებას გვამცნობს.
IV-III ათასწლეული

მტკვარ-არაქსისა და ბედენის კულტურები

მიწათმოქმედებისა და მევენახეობის მაღალი დონის მიმანიშნებელია ძვ. წ. IV-III ათასწლეულებით დათარიღებული მტკვარ-არაქსის (დიდი ყორღანების) კულტურა, რომელიც სათავეს იღებს სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ მხარეში, მტკვრისა და არაქსის აუზში. იგი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული კულტურა იყო ახლო აღმოსავლეთში. არცერთი კავკასიური კულტურა ასე ფართოდ არ გავრცელებულა. ამ პერიოდის ჭურჭლისთვის უკვე დამახასიათებელია სხვადასხვა რელიგიური, სპირალისებური თუ ასტრალური სიმბოლიკის გაჩენაც, რაც ღვინის წარმოებასთან ერთად, რელიგიური რწმენა-წარმოდგენების არსებობასაც მიგვანიშნებს.
ძვ.წ. III ათასწლეულის შუა პერიოდით და მეორე ნახევრითაა დათარიღებული მარტყოფულ-ბედენური პერიოდი, რომლის საღვინე ინვენტარი შავპრიალა, გეომეტრიული ორნამენტით შემკული მაღალხარისხოვანი კერამიკული ჭურჭლით გამოირჩევა.
ბედენურ პერიოდს ეკუთვნის ვერცხლის ფურცელში შეხვეული ვაზის რტოები, რომელიც ყორღანული ტიპის სამარხშია ნაპოვნი. მიცვალებულისთვის ვაზის ჩატანება, ამ საკრალური მცენარის მარადისობასთან კავშირს მიგვანიშნებს და ხაზს უსვამს მის რელიგიურ მნიშვნელოვნებას ჯერ კიდევ ასეთ ადრეულ ეპოქაში.
ძვ.წ. IIათასწლეული

თრიალეთის კულტურა

ძვ.წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრითაა დათარიღებული დიდი ყორღანების ბრწყინვალე კულტურა - თრიალეთის კულტურა, რომლის განვითარებასაც ხელი შეუწყო ადგილობრივი ტრადიციების განვითარებამ და წინა აზიასთან მჭიდრო კონტაქტმა. თრიალეთის კულტურა მეტალურგიის განვითარების მაღალი საფეხურის მაჩვენებელია.
თრიალეთის ვერცხლის რიტუალური თასის ზედა ფრიზი წარმოგვიდგენს ზოომორფული ნიღბებით შემოსილი, სასმისებით მკლავშემართული ქურუმების პროცესიას, მიმართულს ტახტზე დაბრძანებული მთავარი ღვთაებისკენ, რომლის ზურგსუკან „სიცოცხლის ხეა“ აღმართული. მთავარი ღვთაების შორიახლოს მწევარ-ძაღლები წვანან - ქართულ მითოლოგიაში ასტრალურ ღვთაებათა ნების აღმსრულებლები. თასის ქვედა ფრიზზე ვარდულის სიმბოლოა გამოსახული, ხოლო შუაში საკრალურ ცხოველთა, ხარ-ირემთა მსვლელობაა. თასის სიუჟეტი, რომელიც ანალოგს პოულობს ხეთურ-ხურიტულ სამყაროში, სიკვდილ-სიცოცხლის მარადიულ ციკლსა და ნაყოფიერებას უნდა უკავშირდებოდეს.
თრიალეთური კულტურის შესანიშნავი ნიმუშია, ძვირფასი თვლებით ინკრუსტრირებული ოქროს თასი, რომელიც მეტალურგიის განვითარების მაღალი დონის მიმანიშნებელია.
II-Iათასწლეული

გვიანბრინჯაოსა და ადრერკინის ხანა

გვიანი ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანა ასევე უწყვეტად ავლენს ღვინის კულტურის არსებობას საქართველოს ტერიტორიაზე. ჩნდება მეღვინეობასთან დაკავშირებული, რელიგიური დატვირთვის მქონე მცირე ანთროპომორფული ქანდაკებები, რაც ღვინის საკულტო მნიშვნელოვნებას უსვამს ხაზს. ასეთია მელაანის ითიფალური ქანდაკება კახეთიდან თუ თამადის მცირე ქანდაკება ვანიდან.
ძვ.წ V - ჩვ.წ. IVათასწლეული

ანტიკური ხანა

ანტიკური პერიოდი, ადგილობრივ, მრავალფეროვან საღვინე მასალასთან ერთად, ავლენს იმპორტულ საღვინე ჭურჭელსაც, რაც საღვინე კულტურის მნიშვნელოვნებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და გამოკვეთს იმ ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობებს, რომელიც კოლხეთისა და იბერიის სამეფოებს ჰქონდათ ძველ საბერძნეთთან, რომთან, აქემენიდურ ირანთან. იკვეთება რიტონის ტიპის სასმისები, რომლის ზოომორფული სიმბოლიკაც - ხარის, ცხენის, ვერძის გამოსახულებები, ხშირ შემთხვევაში მზიურ-ასტრალური ორნამენტითაა შემკული და განვითარებულ სამიწათმოქმედო კულტურასთან ერთად, ამ ცხოველთა საკრალურ ხასიათზე და უძველეს რწმენა-წარმოდგენებზეც მიგვანიშნებს.
IV-XIIIსს.

ადრე შუა საუკუნეები

უკვე ჩვენი წელთაღრიცხვით, შუა საუკუნეებში უწყვეტად გრძელდება ღვინის წარმოება საქართველოში და შესაბამისად, საღვინე ჭურჭლის მრავალფეროვნებაც ნარჩუნდება.
რუკა