ღვინის ისტორიის ფონდის ეგიდით 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე საქართველოს ეწვია პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი ანთროპოლოგიის დარგში პატრიკ მაკგოვერნი, რომელმაც 30 სექტემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში წაიკითხა ლექცია "ღვინო და ვაზი: ღვინის კულტურის არქეოლოგიური და ქიმიური კვლევა”.
ღვინის ისტორიის ფონდი მომავალშიც შეუწყობს ხელს უცხოელი სპეციალისტების შეხვედრების ორგანიზებას ქართველ მკვლევარებთან, ასევე გეგმავს კონსულტაციებს ღვინის კომპანიებთან, ღვინის კონკურსების, კონფერენციების, სემინარების და დისკუსიების ორგანიზებას. გარდა ღვინის კულტურის პოპულარიზაციისა, ღვინის ისტორიის ფონდი მნიშვნელოვნად დაეხმარება მეცნიერულ კვლევებს, მათ შორის არქეოლოგიურ სამუშაოებსაც.
30 სექტემბერს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელიც ჩაატარეს პროფესორ პიტერ მაკგოვერნმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა ბატონმა დავით ლორთქიფანიძემ და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ბატონმა ჯემალ ინაიშვილმა.
პატრიკ მაკგოვერნი
პროფესორი
ანთროპოლოგიის პროფესორი პატრიკ მაკგოვერნი არის აგრეთვე პენსილვანიის გამოყენებითი მეცნიერებათა მუზეუმისა და არქეოლოგიური ცენტრის სამეცნიერო პროგრამის ხელმძღვანელი. პატრიკ მაკგოვერნი რვა ანთროპოლოგიური და არქეოლოგიური წიგნის ავტორი და რედაქტორია. იგი მიიჩნევა ბიომოლეკულური არქეოლოგიის პიონერად. მისი მონოგრაფია "უძველესი ღვინო – ღვინის კულტურის წარმოშობის კვლევა" წარმოადგენს მთავარ ფუნდამენტურ ნაშრომს ღვინის ისტორიის მკვლევრებისთვის. სამეცნიერო მოღვაწეობის განმავლობაში, პატრიკ მაკგოვერნმა შექმნა და განავითარა მრავალი ინოვაციური აკადემიური პროგრამა არქეოლოგიაში. ორი ათწლეულის განმავლობაში გამოყავდა ღვინის პირველი სახეობები და იკვლევდა მათი განვითარების ისტორიულ და ქიმიურ ეტაპებს. ხელმძღვანელობდა ყველაზე ადრეული ღვინისა და პრეისტორიული ჩინური ფერმენტირებული სასმელების მოლეკულურ-ბიოლოგიურ კვლევას. მისი თაოსნობით ჩატარდა უმნიშვნელოვანესი ექსპედიციები მახლობელ აღმოსავლეთსა, ევროპასა და შუა აზიის ქვეყნებში. პატრიკ მაკგოვერნს წაკითხული აქვს ლექციები მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებსა და უნივერსიტეტებში:
- ვენაში
- ბარსელონაში
- ლონდონში
- ბერლინში
- შანხაიში
- ოსლოში
- სტოქჰოლმში და ა.შ