Geo Eng Rus
tamada

უნიკალური ქვევრის ტექნოლოგია

ქვევრში ღვინის დაყენების ხალხური წესი მსოფლიოში უნიკალურია და ამიტომაც, 2013 წელს, იუნესკომ მას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ქვევრი ღვინის დასაყენებელი და შესანახი უნიკალური ჭურჭელია. როგორც ითქვა, საქართველოში აღმოჩენილი ქვევრის ტიპის უძველესი ჭურჭელი  ძვ. წ. VI-V ათასწლეულებს განეკუთვნება. ქვევრში ღვინის დაყენება უპირველესად გულისხმობს ქვევრში ღვინის დაყოვნებას თავისივე ჭაჭაზე როგორც ალკოჰოლური დუღილის, ასევე მის შემდგომ პერიოდშიც. ღვინის დაყენების ტექნოლოგია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულია.  მაგალითად, კახეთში ალკოჰოლურ დუღილში მონაწილეობს ჭაჭის მთლიანი რაოდენობა, ღვინის დაყენების იმერული წესი კი გულისხმობს საწნახელიდან ქვევრებში ჩასხმულ ტკბილზე არა ჭაჭის მთლიანი რაოდენობის, არამედ დაახლოებით ერთი მესამედის დამატებას. ღვინის ჭაჭაზე დასაყოვნებელი პერიოდის განსასაზღვრად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყურძნის ჯიშს, ალკოჰოლური დუღილის ხანგრძლივობას, გარემო პირობებს და სხვ. თეთრი ყურძნის შემთხვევაში, ღვინოს ჭაჭაზე გაზაფხულამდე ტოვებენ, ხოლო წითელი ღვინო ქვევრებში, როგორც წესი, მხოლოდ ალკოჰოლური დუღილის პერიოდში ჩერდება. ღვინის კარგად შენახვის მიზნით, ქვევრის თავსახურავს დამატებით თიხამიწით ან ტალახით გოზავდნენ. ღვინის „დაფვლა“ და გაზაფხულზე მისი ხელმეორედ „დაბადება“, კვდომა-აღორძინების მარადიულ ციკლს გვახსენებს, რასაც ადრეული სოლარული რწმენა-წარმოდგენები უნდა ედოს საფუძვლად.

 

გაზიარება უკან დაბრუნება